მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

“პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, პროექტის ფარგლებში მოქცეული ერთ-ერთი უძრავი ქონების მესაკუთრესთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში მდებარე 94 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის მთლიანი ფართი 1000 კვ.მ). აღნიშნული უძრავი ქონება შპს „გრინ-ს“ ეკუთვნის.

თაია არდოტელი