დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში 283 000 PCR ტესტი და 180 000-ზე მეტი სწრაფი ტესტია ჩატარებული.
მისივე თქმით, სვანეთსა და ყაზბეგში PCR ტესტები ტარდება და სწრაფ ტესტებს ძირითადად სატვირთოს მძღოლებზე იყენებენ.
„ყველა ტესტი, რომელიც ტარდება როგორც სვანეთში, ასევე ყაზბეგში, არის PCR ტესტები. დღეისათვის ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 283 000 PCR ტესტი და დღიურად კეთდება 4800-ზე მეტი PCR ტესტი. გარდა ამისა, ჩატარებულია 180 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი. ამ რეჟიმით სწრაფი ტესტები ძირითადად ტარდება სატვირთოს მძღოლებზე, რომლებიც 3 დღეში ერთხელ იტესტებიან,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ამბულატორიულ დაწესებულებებს ტესტირების ჩასატარებლად სვანეთიდან დაბრუნებულმა 50-მა პირმა მიმართა.
„50-მა ადამიანმა, რომელიც უკვე დაბრუნებული იყო სვანეთიდან, მიმართა ტესტირებისთვის ამბულატორიულ დაწესებულებებს, სადაც უღებენ ნაცხს.
მესტიაში პირველი შემთხვევა როდესაც დადასტურდა, გვიან მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. როდესაც მისი უშუალო კონტაქტები გამოვიკვლიეთ, ნაწილი იყო ლენჯერში, ხოლო ნაწილი თბილისში. ეს გამოკვლევა ჩატარდა ნათესავების ახლო წრეში,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.