პაატა იმნაძე ბიზნესმწარმოებლებს მოუწოდებს, კლიენტებთან ურთიერთობისას გარკვეული წესები დაიცვან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ბიზნესმწარმოებლებს მოუწოდებს, დაიცვან კლიენტებთან ურთიერთობისას გარკვეული წესები, რადგან ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია ამაზე იქნება დამოკიდებული.

„თითოეულმა ჩვენთაგანმა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა ბიზნესმწარმოებლებს, ყველამ დაიცვას წესები კლიენტებთან ურთიერთობის დროს და ასევე, მოსთხოვონ თავიანთ კლიენტებს წესების დაცვა, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ მშვიდობიანად გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემართოს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 - ით გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.