მთავრობამ სამშენებლო მასალების მწარმოებელ-იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება შეიმუშავა

მთავრობამ სამშენებლო მასალების მწარმოებელ-იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება შეიმუშავა. ამის შესახებ მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით, სავალდებულო ხდება, რომ სამშენებლო პროდუქტებზე ნიშანდება ქართულ ენაზე იყოს დატანილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიშანდება სამშენებლო პროდუქტზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად.

„ნიშანდებასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მათ შორის: მწარმოებლის რეგისტრირებული სახელი და მისამართი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი, პროდუქტის ტიპის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი; სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი; სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარირებულ დონისა და კლასის შესახებ ინფორმაცია; გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია; შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდი; გამოყენებული სტანდარტების გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება,“-აღნიშნულია სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის ქართულად მითითების ვალდებულება ქვეყანაში 10 სექტემბრიდან, ხოლო იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განსათავსებელ პროდუქტებთან მიმართებით 24 აგვისტოდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი