თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება.
კახა კალაძის თქმით, ავტობუსების პარკის განახლების პარალელურად, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მგზავრების გადაყვანა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს.
„წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა მოხდეს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ვაპირებთ შემოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსებმა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა. როდესაც აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ ვთქვით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროცესები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.