ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ღონისძიებაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინეს. შეჯამდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს.
“სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები.