„ლელოს“ ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

„ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მან თამაზ გაიაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დღეს გვინდა „ლელოს“ გაძლიერების შესახებ განვაცხადოთ. დღეს ჩვენ გვიერთდება საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ, გაიარა ყველა ის სიმძიმე, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს ადამიანი გახლავთ თამაზ გაიაშვილი. მინდა მივესალმო ბატონ თამაზს, მადლობა გადავუხადო მას გადაწყვეტილების გამო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ვაცნობიერებთ ჩვენი საუბრებით, შეხვედრებით არა მარტო თამაზ გაიაშილთან, არამედ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება, რომ შემოეურთდეს პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ თამაზ გაიაშვილი აფხაზეთის ომის დროს იყო ის ადამიანი, რომელმაც განახორციელა 120 ფრენა აფხაზეთის მიმართულებით და გამოიყვანა ჩვენი დევნილები, თანამოქალაქეები, ჯარისკაცები და თავისი სიცოცხლის ფასად პრაქტიკულად ახორციელებდა ამ მნიშვნელოვან მისიას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამისთვის მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი“,-განაცხადა ხაზარაძემ.