დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე დახმარება გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნინო ველთაურის განცხადებით, სახელმწიფოსგან დახმარება ბოლო მონაცემებით, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა. მისი თქმით, თვითდასაქმებულთა კომპენსაციას კიდევ 70 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს.

„180 ათასზე მეტ ადამიანს უკვე ჩაერიცხა 300 ლარი. დაახლოებით 70 ათას ადამიანზე მეტია, ვინც მოასწრო და დარეგისტრირდა ამ პერიოდში, როდესაც სარეგისტრაციო პორტალი იყო გახსნილი. ეს განცხადებები გავიდა კომისიაზე, შეჯერდა და მოხდება მათთვისაც კომპენსაციის გაცემა”,- განაცხადა ველთაურმა. მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებულთა დახმარების მიმართულებით ჯამურად 68 მილიონი ლარია დახარჯული.

“62 ათასამდეა უნიკალური პირი, რომელმაც 200-ლარიანი დახმარება მიიღო ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ. სამი თვის კომპენსაცია მიღებული აქვს 62 ათას ადამიანზე მეტს და ივლისის თვეში ბოლო მონაცემებით, 117 895 ადამიანზეა გაცემული დახმარება”,- განაცხადა ნინო ველთაურმა.