„საპარტნიორო ფონდმა" „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები, გამარჯვებული პროექტის ავტორები და პროექტში მონაწილე ქართველი მხატვრები დაესწრნენ.
„საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ახალი სტარტაპი „თუთა“ გულისხმობს 100%-ით ნატურალურ, აბრეშუმის ქსოვილზე ქართული სახვითი ხელოვნების, როგორც თანამედროვე, ასევე - ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნიმუშების გადატანას და მათთვის გამოყენებითი ფუნქციის მინიჭებას, თავსაბურავებისა და სხვა აქსესუარების კოლექციების შექმნას, ასევე, ინტერიერის სხვადასხვა ელემენტის დამზადებას. თავის მხრივ, პროდუქცია პოპულარიზაციას გაუწევს და ფინანსურად გააძლიერებს სახვითი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხელოვანებს.
პროექტში დაცულია, როგორც საავტორო, ასევე - მომხმარებლის უფლებები. პროექტის ყოველ ნიმუშს აქვს ინდივიდუალური პასპორტი, სადაც მითითებულია ეგზემპლარების ლიმიტირებული რაოდენობა, ავტორის სახელი და ნამუშევრის ორიგინალის სახელწოდება. პროდუქცია მზად არის, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბრენდებს და დააკმაყოფილოს თანამედროვე მოთხოვნები. სტარტაპი „თუთას“ ერთ-ერთი პრიორიტეტია ისტორიული და მაღალი ხელოვნების ნიმუშები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
„კიდევ ერთი სტარტაპი, რომელიც სახელოვნებო სფეროს ეხება, საქართველოში აბრეშუმის წარმოების ტრადიციას შეგვახსენებს და ინოვაციური მეთოდით ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. სტარტაპ საქართველომ ეს ბიზნესი 99000 ლარით დააფინანსა . აღნიშნული ინვესტიციით შესაძლებელი გახდა ამ ეტაპზე 7 ადამიანის დასაქმება და მხატვრებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა“, - აღნიშნა „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ.
„კომპანიის დამფუძნებელი ქალბატონები ოც წელზე მეტია საქართველოში და საზღვარგარეთ კულტურის ხელოვნების მენეჯმენტის, სახელმწიფო მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწეობენ. „თუთას“ სამომვლო გეგმაა ისეთი საწარმოს შექმნა, რომელიც პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საუკუნეების მანძილზე არსებული აბრეშუმის წარმოების ტრადიციის აღდგენას საქართველოში და ადგილობრივი მხატვრებისა და დიზაინერების პოპულარიზაციას. მსგავსი პროფილის წარმოება ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს. „სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.