„საერთაშორსო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოითხულთა 41% „კოვიდ 19“-ის პანდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხით ძალიან კმაყოფილია. ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 7% ხელისუფლების პასუხით ძალიან უკმაყოფილოა, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 13% - ნაწილობრივ უკმაყოფილო, 1 % -ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება კითხვას: „როგორ შეაფასებდით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით?“ - გამოკითხულთა 64 %-მა განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა ძალიან ეფექტური იყო, 55 %-მა ძალიან ეფექტურ ინსტიტუტად ჯანდაცვის სამინისტრო დაასახელა, 46 %-მა - პრემიერ-მინისტრის ოფისი, 39%-მა- საპატრიარქო, 23%-მა კი - პარლამენტი.
კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.