პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ყველა სოფელს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
“მოგეხსენებათ, რაჭაში სტიქია გვქონდა, საკმაოდ მასშტაბური და მძიმე, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა. ასევე დღეის მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტეროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებზე საგზაო მიმართულებით, განსაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოსაყოფად. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან, კაპიტალურ აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,-განაცხადა გახარიამ.