საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღდგენითი სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები და გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხოლო შემდგომ ეტაპზე - სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოები სრულად 2021 წლის გაზაფზულზე დასრულდება. რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიონი ლარით დაფინანსდება. დაფინანსების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2021 წელს გამოიყოფა.
,,2020 წლის 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა და ჩაწყვიტა ცენტრალური, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ნაკიეთი-შოვის მონაკვეთზე მიწის ცალკეული სექციები და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცალკეული მონაკვეთები, რის გამოც მუნიციპალიტეტის 12 სოფელთან შეწყდა საავტომობილო კომუნიკაცია.
სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შემოვლით გზებსა და მდინარეებზე დროებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობით, დაგეგმილ ვადაზე ადრე, მაღლი გამავლობის მანქანებისათვის მიმოსვლა ყველა სოფელთან აღდგენილია, თუმცა აუცილებელია გზების კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.
აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიეცა უფლება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებებები შეისყიდოს შემჭიდროვებული ვადების ტენდერების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.