სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარი ზარალის ანაზღაურების თანხას მიიღებს

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს, 15 ივლისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ატმის მოსავლის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1652 ლარს შეადგენს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, სადაზღვევო კომპანიის „არდი“ წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერის დავით დოლამაზაშვილის ატმის ბაღში იმყოფებოდნენ.

„მოვუწოდებთ ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

„აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.