საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ე.წ. ჭკვიანი კამერები არ მუშაობენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.
შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გააამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად.
საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია) ვიდეოკამერების გაუმართაობა უარყოფითად აისახება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.