რაჭა - ლეჩხუმ - სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი - ზუდალის 7.7 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ - ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50 - ე კმ - ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.
„პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე - ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე - ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.