ბოლნისის მუნიციპალიტეტში „RMG ჯგუფის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კომპანიის წარმომადგენლებისგან გარემოს დაცვის კუთხით არსებული ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინეს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯგუფის წევრებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა პოზიციები შეაჯერეს და გარემოს დაცვით მიმართულებებზე იმსჯელეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისშივე ვიცოდეთ მათი გეგმები ბუნების და ეკოლოგიის დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები სწორედ მიმდინარე საკითხების გაცნობას, შესწავლას და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გარემოს დაცვით მიმართულებებით აქტიურობაა საჭირო, ჩვენ ამ პროცესების პულსზე გვედოს ხელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება, რათა კომიტეტს და სხვა დაინტერესებულ პირებს განახლებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობები მიეცეთ.
„კომიტეტის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფს საყდრისის კომიტეტის წევრები და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები წარმოადგენენ, რომლებიც კომიტეტის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმოებულ საქმიანობას და იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნა გაცემული, მონიტორინგს უწევენ და აქტიურად ადევნებენ თვალყურს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.