კომპანია Sinohydro აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობას ასრულებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ - ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
„მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეპიდ ვითარებისა, კომპანიამ მოახერხა და მიმდინარე სამუშაოებს მინიმალური გადაცდომით აბარებს. თავდაპირველი ხელშეკრულებით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის სექტემბერის ბოლო განესაზღვრა. კომპანია Sinohydro სამუშაოების დასრულებას დათქმულ ვადაზე ადრე ახერხებს.
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს, ამ გზის 7,7 კმ-იანი მონაკვეთიდან 5,8 კმ-ზე გაიხსნება 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.9 კმ დროებით იქნება 2 ზოლიანი. დარჩენილ 1.9 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 7,7-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა - ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.
ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის E60-ის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო",-აღნიშნულია Sinohydro-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.