რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათი აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას AgroTimes ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2%, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში გავიდა.
როგორც AgroTimes წერს, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე შეზღუდვები დაწესდეს. მათი პოზიციაა, რომ ეს უზრუნველყოფს ბაზარზე უსაფრთხოებას და ფასების სტაბილურობას.
კვოტების დაწესება ვაშლზე დაახლოებით, სექტემბერ-ოქტომბერში, მოსავლის აღების პერიოდში და ასევე, იანვარ-აპრილში იგეგმება, როდესაც პროდუქტი უკვე შემნახველი მაცივრებიდან გაიყიდება.
რაც შეეხება ქლიავის იპორტის შეზღუდვას, სექტემბრის დასაწყისამდე იგეგმება.
უწყების თქმით, ადგილობრივი ხილის იპორტირებულთან შეფარდება 60% -40%-ზე უნდა იყოს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ვაშლი და ქლიავი გადის საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ჯამში 11 422 ტონა (4,593 აშშ დოლარი) ვაშლი გავიდა, აქედან 9,961 ტონა (4,064 მლნ აშშ დოლარი) რუსეთში. ეს ექსპორტირებული პროდუქტის დაახლოებით, 87,2%-ია.
ვაშლის დარჩენილი ნაწილი გავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, სლოვენია, ყაზახეთი და ა.შ.
რაც შეეხება ქლიავს, გასულ წელს ჯამში 217.7 ტონა (132.8 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, აქედან რუსეთში 194.4 ტონა (112.1 ათასი აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტირებული პროდუქტის 89,2%-ს შეადგენს. დარჩენილი ნაწილი კი, ყაზახეთსა და სომხეთში გავიდა.