იაპონიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ოზუში ქვეყნის ისტორიაში პირველად უცხოელებს საშუალება აქვთ შუა საუკუნეების იაპონურ ციხესიმაგრეში ღამე გაათიონ. CNN-ის ინფორმაციით, აქამდე უცხოელებისთვის ციხესიმაგრეში დიდ ხნის განმავლობაში დარჩენა შეუძლებელი იყო.
ოზუს ციხესიმაგრე 1617 წელს ადგილობრივმა მთავარმა ააშენა და მისი საგვარეულო პრეფექტურას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მართავდა. მე-2 მსოფლიო ომის დროს ციხესიმაგრე თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა დროთა განმავლობაში ის აღადგინეს და დღესდღეობით მას პირვანდელი სახე აქვს.
ციხესიმაგრის თავიდან აშენების დროს მისი ისტორიული იერსახე სრულიად გაითვალისწინეს და პირვანდელი ფორმა შეუნარჩუნეს. ოზუ თითქმის მთლიანად ხისგანაა აშენებული, რაც ტრადიციული იაპონური არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციხესიმაგრეში სასტუმროს გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო ათწლელულების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ის გაქრობის წინაშე აღმოჩნდა. მათ იმედი აქვთ, რომ პანდემიის შემდეგ ტურისტების გამოჩენა ქალაქს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს და ოზუში მოსახლეობა ისევ დაბრუნდება.
CNN-ის ინფორმაციით, ერთდროულად ციხესიმაგრე მაქსიმუმ 6 სტუმარს მიიღებს. რაც შეეხება მის საფასურს, 2 ადამიანისთვის 1 ღამით დარჩენის გადასახადი 1 მილიონი იენი ( 9 469 აშშ დოლარი) იქნება, დამატებითი სტუმრების შემთხვევაში კი, მე-3 და მომდევნო პირს 100 000 იენის (946 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევს.
სასტუმროს გადასახადი ტრადიციული იაპონური სამზარეულოს დაგემოვნებასაც მოიცავს. ამასთან, სტუმრებს შეეძლებათ ციხესიმაგრეში არსებული ტრადიციული იაპონური ტანისამოსი მოირგონ.
სასტუმროში ყოფნისას მათ გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, მოუფრთხილდნენ, ციხესიმაგრეში არსებულ ნივთების, რადგან თითოეული მათგანი სამუზეუმო ექსპონატია.