სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 17 623 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 355 199 ლარი შეადგინა

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, 14 აგვისტოს მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 17 623 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 355 199 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.