Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.

„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში შემავალი ბრენდების მაღაზიები, მათ შორის, Top Shop-ი. ასე რომ, ამ ბრენდების ბაზრიდან გასვლა კრიზისთან დაკავშირებული არ არის. თუმცა ამ მაღაზიის ადგილას სხვა ბრენდის მაღაზია გაიხსნება.

ზოგადად, გვსურს, რომ გადავახალისოთ ბრენდების პორტფელი. ჩვენ გვსურს ჩავანაცვლოთ ზოგიერთი ბრენდი, რომლებიც არც თუ ისე კარგად მუშაობდნენ ამ წლების განმავლობაში, სხვა ბრენდებით. Wallis-ის ადგილას განთავსდება თურქული ქალის სამოსისა და აქსესუარების ბრენდი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ იქნება კარგი ხარისხის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რევაზ მაღალაშვილმა.