ბიზნესიდან პოლიტიკამდე და პოლიტიკიდან ბიზნესამდე ერთი ნაბიჯია...
მართალია, ეს გამოთქმა სიყვარულსა და სიძულვილზეა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ რეალობასაც ძალიან უხდება. საქართველოს ხელისუფლებაში, საკანონმდებლო შტო იქნება ეს თუ აღმასრულებელი, იმდენი ნაბიზნესმენარი პოლიტიკოსი გვინახავს და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკიდან ბიზნესში პორტირებული, რომ წესით, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, თუმცა 2020 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით მაინც გამორჩეული იქნება, რადგან ბიზნესმენებს შორისნამდვილი "ვარსკვლავური ომები" გველოდება. მაინც რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?
თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: - თუ ექიმები, სპორტსმენები, იურისტები და უსაქმურები მიდიან პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენებსაც გაუჩნდეთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი? ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა არ ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობასა თუ პარლამენტში ჩვენ მათი სახით პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვიხილავთ, მაგრამ მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც, შესაძლოა, სასიკეთოდ გამოადგეს ქვეყანას. ხომ არსებობენ ექსპერტები, რომლებსაც სპეციალური ექსპერტული განათლება არა აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობენ და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტებმა დაარქვით მათ ექსპერტები. ასეა პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთი კვირის წინ ბიზნესმენი იყო, ერთი კვირის შემდეგ უცებ სერიოზული პოლიტიკოსი გახდეს?! მაგრამ ესეც პოლიტიკის შემადგენელია - ექსპერტებიც, რომლებიც პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც რაღაც ეტაპზე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა გადაწყვიტეს.
- გასაგებია, მაგრამ რა უბიძგებს ბიზნესმენს, რომლის უკანაც წარმატებული საქმეა, იბრძოლოს პარლამენტში, მთავრობაში მოსახვედრად? აქვე საინტერესოა, ბიზნესში მიღებული გამოცდილება თუ წაადგება ქვეყნის მართვას...
- მოდი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ. პარლამენტმა თამბაქოს დაბეგვრის გადასახადი მნიშვნელოვნად გაზარდა და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტს ამან დიდი ზარალი მოუტანა, კონტრაბანდული თამბაქოს წილი გაიზარდა, მასთან ბრძოლასაც ხარჯები სჭირდება და ესეც ბიუჯეტს აწვება. ესეც ადასტურებს, რომ დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს, ბიზნესი არ ესმით, ვერ ხვდებიან, რა შედეგი მოჰყვება მათ გადაწყვეტილებებს.ჩვენი პოპულარობა, ბიზნესმენი იქნება ის, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი, განისაზღვრება მედიაში ხშირი გამოჩენით. ასე იქმნებიან ე.წ. ცნობილი სახეები, არადა, ობიექტურად რომ მივუდგეთ საკითხს, პოპულარობას უნდა განსაზღვრავდეს მუშაობისა და ცოდნის შედეგი.
მაგალითად, ხშირად გვეუბნებიან, რომ მასშტაბური ინვესტიცია დააბანდა ვიღაცამ საქართველოში. ინვესტიციის სიდიდე კი არ არის საინტერესო ჩემთვის, არამედ ის, თუ რა შედეგს მიიღებს სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე ამ ინვესტიციიდან.
- თამბაქოს დაბეგვრა ახსენეთ და ბიუჯეტის დაზარალება, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, სანამ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი გათანაბრდებოდა, ადგილობრივი მწარმოებლები გადასახადების დამალვის მიზნით ე.წ. ასაწყობ თამბაქოს ყიდდნენ ბაზარზე. ანუ უფილტრო სიგარეტს საჩუქრად მოჰყვებოდა ფილტრები და ამ მანიპულაციით ატყუებდნენ ბიუჯეტს.
- ესეც არასწორი იყო. მეტიც, ეს იყო თანამედროვე ტექნოლოგიების დაცინვა და მომხმარებლის მასხრად აგდება. XXI საუკუნეა, ინოვაციური ტექნოლოგიები გვაოცებს მიღწევებით და ადგილობრივ მწარმოებელს გასაყიდად გამოაქვს დაშლილი სიგარეტი - ცალკე ფილტრი და ცალკე კორპუსი...
- თუნდაც ეს მაგალითი ხომ არ მეტყველებს, რომ მიუხედავად ბიზნესისა და ხელისუფლების მჭიდრო ურთიერთობისა, დამოუკიდებლობის 30 წელიწადშიც ვერ დალაგდა იმგვარი ურთიერთობები, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს ერთმანეთის ესმოდეთ?
- აი, "დალაგება" რომ ახსენეთ, ეს არის ყველაზე ცუდი სიტყვა საქართველოში, რომელიც ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობისას გამოიყენება.თუ ბიზნესს "დალაგებული" აქვს ურთიერთობა ხელისუფლებასთან, მაშინ შეგიძლია შენს თავს ისეთი რამის უფლება მისცე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. როცა ხელისუფლება იცვლება, არ გაგიგიათ ბიზნესმენების კითხვა ერთმანეთთან - დაალაგე ამათთან საქმეო? 30 წელიწადია მთავრობასთან "ვალაგებთ" ურთიერთობას, რადგან სასამართლოში ვერ დაგვილაგებია ჩვენი საქმეები და ამიტომ ვეძებთ "დამლაგებლებს" ხელისუფლებაში. ეს არის სიმახინჯე, კომუნისტურ-ბოლშევიკური მენტალიტეტი, როცა "დალაგებაზე" იყო აწყობილი ყველაფერი. სანამ ეს ტერმინი არ მოისპობა, საქართველოში ასეთი კორუფციული სქემები იქნება.
- ხელისუფლებაში ამდენი ბიზნესმენის მოსვლა, მათ შორის მათი, ვინც აქამდე ხელისუფლებაში არ ყოფილა, შეცვლის რამეს ამ "დალაგების სქემებში"?
- როგორ განაწილდება ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში, ამაზე ლაპარაკი ახლა რთულია.ბიზნესმენების რაოდენობა პარლამენტში თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი ერთიან, რა თქმა უნდა, სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. პარლამენტში აქამდეც ბევრი ბიზნესმენი გვინახავს და ისინი, ძირითადად, თავიანთ ბიზნესს ლობირებდნენ, ამიტომ აუცილებელია მომავალ პარლამენტში, თუნდაც ბიზნესიდან მოსულ ადამიანებს შორის, ქვეყნის განვითარების საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს.
საზოგადოების ცნობიერებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - რა დაკვეთას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის მთავარი.
- თქვენ რატომ არასდროს გქონიათ პოლიტიკაში წასვლის სურვილი?
- არ მინდა ტრაბახად ჩამეთვალოს, მაგრამ მე სულითაც ბიზნესმენი ვარ და არა მხოლოდ ჩემი საქმიანობით. ბიზნესი ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.
- რა უფრო სწორია - როცა ბიზნესიდან მიდიან პოლიტიკაში, თუ პოლიტიკიდან ბიზნესში?
- როცა ჯეიმს ბეიკერი თეთრი სახლიდან ბიზნესში დაბრუნდა, ამან დიდი სარგებელი მოუტანა იმ კომპანიას, მის იმიჯს, რეპუტაციას და მისმა მისვლამ ბიზნესი გააძლიერა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გააჩნია, რატომ და როგორ ბრუნდები პოლიტიკიდან ბიზნესში. საქართველოში ბიზნესი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იმ კრიტერიუმებით არ ფასდება, რასაც რეალურად უნდა წარმოადგენდეს. ბიზნესი მეცნიერებაა, ცოდნაა და არა - იმ შეხედულებების ერთობლიობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ "დაშლილი სიგარეტის" მაგალითზე.
არსებობს ამომრჩევლის ხმის მოპოვების ორი გზა. ერთია საარჩევნო პროგრამით და ეს საკმაოდ რთულია, რადგან შესაძლოა ელექტორატისთვის, რომელსაც ესაუბრები, რთული იყოს ამ პროგრამის აღქმა. ყველაზე ადვილია ხმის მოპოვება მანიპულაციებით.
ჩვენი საარჩევნო სისტემა მანიპულაციებზეა აგებული. მანიპულაციაა, როცა არჩევნების დროს ზრდი ხელფასს, არიგებ დახმარებებს, გასცემ სუბსიდიებს, აგებ გზებს, მართავ კონცერტებს და სხვ. ამიტომ არის, რომ როცა თქვენ ეკითხებით პოლიტიკოსებს, რა პროგრამით მოდიან ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, საგნობრივად ვერავინ გპასუხობთ.
პროგრამა უნდა იყოს გრძელვადიანი და თანამიმდევრული. უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს, არ იყოს ღარიბი ქვეყანა?
საქართველო მდიდარი ვერასდროს იქნება, მაგრამ მას შეუძლია იყოს კარგი ქვეყანა. არა ისეთი ღატაკი, როგორიც ახლაა. საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ იყოს საშუალო დონის ქვეყანა.მანიპულაციაა, როცა ამბობენ, რომ არ გვაქვს ბუნებრივი სიმდიდრე, რითაც შეგვიძლია სხვა ქვეყნებივით გავმდიდრდეთ. დამისახელეთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი.
- ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი... მდიდარია ილონ მასკიც...
- ბილ გეიტსს ქონება არ მოუპოვებია წიაღისეულით, ჭკუით მოიპოვა, ამიტომ მიწაში კი არ უნდა ვეძებოთ ქვეყნის კეთილდღეობის წყარო, არამედ ჩვენს თავებში. საქართველოში რომ დაბადებულიყვნენ გეიტსი ან მასკი, ვიწუწუნებდით, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ ვართ? ამიტომ ჭკუაა, მეგობრებო, საჭირო და არა - მიწაში გამოსავლის პოვნა.
- მართალია, საქართველოში არ დაბადებულან ბილ გეიტსი და ილონ მასკი, მაგრამ ყველაზე მდიდართაგან ერთ-ერთი დაიბადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეც არის.
- ამ მდიდარმა ადამიანმა თავისი ქონება მოიპოვა სხვა გზით, ხოლო მასკიმ და გეიტსმა - სულ სხვაგვარად...
- 2020 წლის არჩევნებისთვის, ფაქტობრივად, ბიზნესმენების პარტიების ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს - ხაზარაძე-ჯაფარიძე, ჩოჩელი-ოქრიაშვილი... როგორ ფიქრობთ, დაუჭერს მათ ხალხი მხარს?
- ვფიქრობ, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და იმ შემადგენლობას, რომელიც მათ პარტიაში გაერთიანდა, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ამომრჩევლის შეცდომა. ვიცნობ მათ ახლოს და ვიცი, რომ მათი ხედვა ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა მხარდაჭერა თუ არ ექნებათ, ეს არ იქნება მათი ბრალი. შესაძლოა ამომრჩეველში სუბიექტურმა შეხედულებებმა გადაწონოს ობიექტური გადაწყვეტილებები. ობიექტურად ეს ადამიანები და მათი პარტიის წევრები მხარდაჭერას იმსახურებენ.
- არსებობდა მოლოდინი, რომ თქვენც იქნებოდით მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი...
- პარტიის ლიდერად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. უცებ ჩემი თავის შემეშინდა კიდეც ამ ამპლუაში. კანონშემოქმედებითი საქმიანობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს არჩევნებში და კიდევ უფრო მეტად მათ, ვინც ხმა უნდა მისცეს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვირჩევთ არა კახეთის, ქართლის ან თბილისის რომელიმე ოლქის დამცველს მაჟორიტარი დეპუტატის სახით, არამედ დეპუტატების ერთობლიობას და ისინი დაგვიწერენ კანონებს, რომელთა შესრულება მოგვიწევს. ამიტომ ამომრჩეველმა ახლავე უნდა წარმოიდგინოს, ვინ იქნება ამ კანონის შემქმნელი, კეთილსინდისიერმა და პასუხისმგებელმა დეპუტატებმა თუ კანდიდატებმა კი იმაზე იფიქრონ, ვისთვისაც ამ კანონს წერენ. შესაძლოა დღეს "მიქარულმა" კანონმა 4-5 წელიწადს ისე იმუშაოს, რომ მიწასთან გაასწოროს თავისი განვრცობის არეალი.
- მაინც გატყობთ, 2020 წლის არჩევნებისადმი იმედიანად ხართ განწყობილი...
- პირდაპირ გეტყვით, თუ კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენს ოჯახში ოთხი ამომრჩეველი ვართ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით და ჩვენი სამომავლო არჩევანის მიხედვით უკვე ჩამოვაყალიბეთ კოალიციური მთავრობა.საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება. პოლიტიკა და ეკონომიკა რემონტს აღარ ექვემდებარება! რემონტს არ ექვემდებარება აღარც სასამართლო სისტემა - ის უნდა დაიშალოს და თავიდან აეწყოს. რემონტით ვიცხოვრეთ 30 წელი და ამის შედეგია სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა, კოალიციური აზროვნება, რომელიც კი არ გაარემონტებს საქართველოს, არამედ საფუძვლიანად ააშენებს მას.
მსხვილი ბიზნესმენები 2020 წლის არჩევნებში
მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი; ბადრი ჯაფარიძე, "თიბისი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი; თამაზ გაიაშვილი, ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას "ლელო საქართველოსთვის" და როგორც ჩანს, ახალდაფუძნებული პარტიის საარჩევნო სიაში ვიხილავთ; ახალი პარტია შექმნეს და არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას მოქმედი მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი და ბიზნესმენები - ცეზარ და ლაშა ჩოჩელები. კახა ოქრიაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, მაგრამ თავის დროზე ისიც ბიზნესიდან არის პოლიტიკაში მოსული და მისი სახელიც არაერთ ბიზნესს უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა კი - "პსპ ჯგუფს". ცეზარ ჩოჩელი ადრე იყო პოლიტიკაში და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ; იყო ახალგორის რაიონის გამგებელიც. მის სახელსაც არაერთი კომპანია უკავშირდება, მათ შორის - "ქართული ლუდის კომპანია", რომელიც ბრენდული სახელით, "ლუდსახარში ზედაზენით" არის ცნობილი.
წყარო: „კვირის პალიტრა"