ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ.

ინაშვილის თქმით, ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნების აკრძალვა საჭიროა იმისთვის, რომ შეწყდეს საზოგადოების მოტყუება და მათი აზრით მანიპულირება.

“დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი ეძღვნება IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და არა მხოლოდ IRI-ს მონაცემებს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე.

თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა ივნის-ივლისში. არადა, კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობ, გვზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ, თუ ისინი მესამე ძალად გამოგვაცხადებდნენ. ახლა აცხადებენ, რომ კვლევა თითქოსდა ივნის-ივლისში ჩაატარეს, რაც სიცრუეა.

მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის სიმართლე და როგორია რეალური მონაცემები:

ჩვენ გვაქვს ე.წ. გარე მეხსიერება, რომელზეც ჩაწერილია 750 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი, საუბარია აუდიო, ხმოვან გამოკითხვაზე, იგივე ინტერვიუზე და ასევე გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია: რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და ა. შ. მაგრამ კვლავ ვამბობ, ეს 750 0000 აუდიო, ხმოვანი გამოკითხვაა.

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგები. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთო-ს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ს ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაის-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას, ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოგიდგენთ! დღეს ხელთ გვაქვს 750 000 აუდიოჩანაწერი, ეს არის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს ნაწილის დოკუმენტური მასალა!

ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

ვიდრე დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს, კვლავ გავიმეორებ, რომ ყველა ეს ინფორმაცია გადაეცემა ეუთო-ს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვერიცარიის საელჩოებს!

ა.წ. მარტ-აპრილში აუდიო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 189 533-მა რესპონდენტმა.

გამოკითხვის პირველი კითხვაა: თანახმა ხართ თუ არა, რომ ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა:

პასუხები შემდეგნაირია: 65.32% თანახმაა; 12.93% წინააღმდეგია; 21.75% თავს იკავებს.

მეორე კითხვაა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით; მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით; ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით; სავიზო რეჟიმის გაუქმებით?

ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირია: 70.51% თანახმაა; 17.26% წინააღმდეგია; 12.23% თავს იკავებს.

მესამე კითხვაა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს?

ამ კითხვაზე პასუხები ასე გამოიყურება: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 69.94% მარტ-აპრილში თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. რეალურად მარტ-აპრილში ამ კითხვაზე პასუხობდა მხოლოდ 30%. ამ 30 პროცენტში პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო „ქართული ოცნება“ და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მეოთხეზე სხვა დანარჩენი პარტიები.

ამასთან, IRI-ს, NDI-ს, „ედისონ რისერჩს“ ვაცხადებთ მატყუარა ორგანიზაციებად და ამ მატყუარა ორგანიზაციებს, რომლებიც თითქოსდა 1500 რესპონდენტს გამოიკითხავენ ხოლმე, ჩვენ გადავცემთ 20-ჯერ მეტ აუდიო ჩანაწერს, ანუ 30-30 000 აუდიოჩანაწერს! მეტი რაოდენობის გადაცემას არ საჭიროებენ! პირიქით, ჩვენ მორიგ ჯერზე მივმართავთ აშშ-ს ხელისუფლებას, რომ მხილებული სიცრუის გამო, საქართველოდან გაიწვიონ IRI-ს დირექტორი, ჯონ დიპპორო, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაიწვიეს ლორა თორნტონი. ჯონ დიპპორო ისეთივე მატყუარაა, როგორც ლორა თორნტონი! ვწუხვარ, რომ საქართველო ჯერ ვერ თავისუფლდება მსგავსი მატყუარებისაგან, მაგრამ მალე გათავისუფლდება, ყველას ვარწმუნებ ამაში!

გარდა ამისა, მივმართავ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებას, რომ აეკრძალოს IRI-ს საქართველოში ე.წ. კვლევების ჩატარება და ქართველი ხალხის მოტყუება, რადგან ეს ორგანიზაცია მხილებულია ტყუილში! ისევე, როგორც NDI!

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან,- შეწყდეს ტყუილი! აიკრძალოს ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, თუ ორგანიზაცია არ წარმოადგენს მინიმუმ 200 000 აუდიო ჩანაწერს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას.

მივმართავ თხოვნით მედიას, ჩემს კოლეგებს, რომ სრულფასოვნად, პატიოსნად გაშუქდეს დღევანდელი ბრიფინგი, რათა ქართველი ჟურნალისტების დახმარებით საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიგოს, რა დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე და რა თვალსაჩინოა ჩვენი სიმართლე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

(R)