იტალიაში ღამის კლუბები იხურება და გარკვეულ ადგილებში, ღამის პერიოდში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირების შემთხვევებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა.
"არ შეიძლება გავაბათილოთ ის მსხვერპლი, რაც გასული თვეების განმავლობაში გავიღეთ. ჩვენი პრიორიტეტი სექტემბერში სკოლების სრული უსაფრთხოებით გახსნა უნდა იყოს,“ - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ და ახალგაზრდებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
„თუკი ისინი თავიანთ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დააინფიცირებენ, დიდი ზიანის საშიშროებას შექმნიან,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ღამის კლუბები ქვეყანაში დღეიდან სექტემბრის დასაწყისამდე დაიხურება. რაც შეეხება პირბადეებს, მათი გამოყენება საღამოს, 18:00 საათიდან დილით, 06:00 საათამდე, პაბებისა და ბარების მიმდებარე ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იქნება სავალდებულო.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ღამის კლუბებისგან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი, 4 მილიარდ ევროს შეადგენს. მრეწველობის მინისტრის, სტეფანო პატუანელის თქმით, კლუბების დახურვა ქვეყანს ეკონომიკას დააზარალებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპაზე ალტერნატივა არ არსებობს.
ცნობისათვის, იტალიაში შაბათს კორონავირუსის 629, კვირას კი - 479 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში ინფიცირების 250 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 35 000-ს აჭარბებს.