პარლამენტში აქამდეც ბევრი ბიზნესმენი გვინახავს და ისინი, ძირითადად, თავიანთ ბიზნესს ლობირებდნენ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ყონიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ხელისუფლებაში ამდენი ბიზნესმენის მოსვლა, მათ შორის მათი, ვინც აქამდე ხელისუფლებაში არ ყოფილა, შეცვლის რამეს, ჭყონია პასუხობს: „როგორ განაწილდება ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში, ამაზე ლაპარაკი ახლა რთულია.ბიზნესმენების რაოდენობა პარლამენტში თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი ერთიან, რა თქმა უნდა, სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. პარლამენტში აქამდეც ბევრი ბიზნესმენი გვინახავს და ისინი, ძირითადად, თავიანთ ბიზნესს ლობირებდნენ, ამიტომ აუცილებელია მომავალ პარლამენტში, თუნდაც ბიზნესიდან მოსულ ადამიანებს შორის, ქვეყნის განვითარების საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს.
საზოგადოების ცნობიერებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - რა დაკვეთას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის მთავარი“, - განაცხადა ჭყონიამ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არასდროს გაუჩნდა მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, ჭყონია ამბობს, რომ ის „სულით ბიზნესმენია“.
„არ მინდა ტრაბახად ჩამეთვალოს, მაგრამ მე სულითაც ბიზნესმენი ვარ და არა მხოლოდ ჩემი საქმიანობით. ბიზნესი ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია“, - განაცხადა ბიზნესმენმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.