საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.