თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გააკეთა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში განაცხადი „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ გააკეთა. შეთავაზებული წინადადების მიხედვით კი შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება.
მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება დღეს, 17 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30,497 მლნ ლარი იყო. საბოლოოდ, ერთადერთმა პრეტენდენტმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30 მლნ ლარი შესთავაზა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სატრანსპორტო კომპანია და შემოიყვანს თუ არა „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ახალ ლურჯ მიკროავტობუსებს თბილისთვი, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა ყოფილიყო 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა ყოფილიყო 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონოდა მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.