დონალდ ტრამპმა მიზანში ტექნოლოგოური გიგანტი „ალიბაბა“ ამოიღო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტიკტოკის“ (TikTok) აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, ზეწოლა სხვა ჩინურ კომპანიებზეც, მათ შორის, „ალიბაბაზეც“ (Alibaba) განახორციელოს.

პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, თუ რომელი ჩინური კომპანიების შესაძლო აკრძალვა განიხილება და არის თუ არა მათ შორის „ალიბაბა“, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ სხვა რამეებსაც განვიხილავთ, დიახ“.

პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ჩინურ კომპანია „ბაიტდანსს“ (ByteDance) დაავალა, რომ მის უთვნილებაში მყოფი „ტიკტოკის“ ამერიკული ოპერაციები გაყიდოს და ამისთვის 90-დღიანი ვადა მისცა. ამერიკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აპლიკაციის მეშვეობით, „ბაიტდანსი“ ამერიკელი მოქალაქეების პირად ინფორმაციას მოიპოვებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მიუღებელია.

ტრამპის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქმედება, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის რადკალური შეცვლაა, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაძაბულობა მოჰყვა. ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებათა შედეგად, გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა პირველი ეტაპის შეთანხმებას. მის ფარგლებში, ჩინეთმა ამერიკისგან სოიის და სიმინდის შესყიდვა გაზარდა, რითაც ტრამპის კმაყოფილება გამოიწვია.