Ryanair-ი ფრენების სიხშირის შემცირებას გეგმავს

ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ფრენების სიხშირის 20 %-ით შემცირებას აპირებს.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში ბილეთებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდება, რაც, კომპანიის განმარტებით, კორორნავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გაუგებრობითაა გამოწვეული.

Ryanair-ში ასევე აცხადებენ, რომ მცირდება არა ფრენების მარშრუტები, არამედ სიხშირე. მათივე განმარტებით, შემცირება, ძირითადად, ესპანეთსა და საფრანგეთზე იქნება ორიენტირებული, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია.

ცნობისათვის, Ryanair-მა კორონავირუსის გამო შეწყვეტილი რეისები ივლისში აღადგინა და მიმდინარე თვეში კომპანიის მიერ განხორციელებული ფრენების სიხშირემ ჩვეული გრაფიკის 60 %-ს მიაღწია.