„აქტივობა საკმაოდ მაღალია“ - რა მოცულობის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

აქტივობა საკმაოდ მაღალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია დაახლოებით 100 მლნ ლარის 1000-მდე სუბსიდირებული იპოთეკური სესხი.

„ამ 1000-მდე სესხიდან დაახლოებით 75% მოდის სუბსიდირებულ სესხებზე, 25% კი იპოთეკური სესხების გარანტიაზე. პროგრამაში თითქმის ყველა ბანკია ჩარული, თუმცა ამ დროისთვის გაცემული სესხები ჯერჯერობით 8 ბანკს აქვს. მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალია და ამ დროისთვის ბანკებში ასობით განცხადება განიხილება“, - განაცხადა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წლის მაისში წარადგინა. კომერციულმა ბანკებმა კი სახელმწიფო პროგრამით სესხების გაცემა ივლისიდან დაიწყეს.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

  • სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
  • სუბსიდიის ხანგრძლივობა სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
  • სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
  • სუბსიდირება ეხება მხოლოდ იმ იპოთეკურ სესხებს, რომლებიც პროგრამის ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაიცემა, თანაც მხოლოდ ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

  • სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით;
  • გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
  • გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
  • გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.

ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

ელზა წიკლაური