„ღარიბი“ პრეზიდენტი მილიონიანი მანქანა-აგარაკებით - რა ქონებას ფლობს ალექსანდრ ლუკაშენკო

ოფიციალურად ქონება არ აქვს, თუმცა არაოფიციალურად შეიძლება მილიონერიც კი ეწოდოს. დეკლარაციით არც მოძრავ და არც უძრავ ქონებას არ ფლობს, არადა რეალურად 17 აგარაკის მეპატრონეა და გადაადგილდება ბოლო თაობის - 1,5-მილიონ ევროდ შეფასებული ლიმუზინით Mercedes-Maybach Pullman Guard-ი. ამბობს, რომ „ზედმეტი არაფერი“ უნდა, თუმცა ერთ-ერთი უმდიდრესი მმართველია. ეს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და წასვლისკენ მოუწოდებს.

ცნობისათვის, ბე­ლა­რუს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ცხრე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს გა­მარ­ჯვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, კვლავ გრძელ­დე­ბა. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ბე­ლა­რუ­სის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ.მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­კა­შენ­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ში მინ­სკში სულ ცოტა, 200 000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მო­ა­წყვეს მსვლე­ლო­ბა და ისი­ნი მოქ­მედ პრე­ზი­დენტს შე­ძა­ხი­ლე­ბით წას­ვლის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ცია გა­მარ­თეს ლუ­კა­შენ­კოს მხარ­დამ­ჭე­რებ­მაც, რომ­ლებ­საც პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით მი­მარ­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი გან­მე­ო­რე­ბით არ გა­ი­მარ­თე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ის ზე­წო­ლის ქვეშ რა­ი­მეს გა­ა­კე­თებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონება ფლობს ალექსანდრ ლუკაშენკო. არჩევნების წინ გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელზე არ ფიქსირდება არც უძრავი და არც მოძრავი ქონება. 2019 წელს კი მისმა შემოსავალმა პრეზიდენტობის პოსტიდან დაახლოებით 46 600 დოლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით უძრავ ქონებას მხოლოდ მისი მეუღლე გალინა ლუკაშენკო ფლობს. მის საკუთრებაშია 196 კვ/მეტრის საცხოვრებელი სახლი ქალაქ შკლოვში. გალინა ლუკაშენკოს 56 აქცია აქვს შკლოვის კარაქის ქარხანაში.

არაოფიციალურად კი ლუკაშენკოს ქონება საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ფლობს 17 აგარაკს, თუმცა ყველა მათგანს ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი საპრეზიდენტო რეზიდენციებს უწოდებს. ერთ-ერთი აგარაკი მდებარეობს მინსკის ზღვასთან. მისი მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 135 მლნ დოლარი დაიხარჯა. ეს მხოლოდ ერთი „რეზიდენცია“, მას კიდევ 16 აგარაკი აქვს, ერთ-ერთ მათგანში საზამთროც კი მოჰყავს.

გარდა „რეზიდენციებისა“ ლუკაშენკოს ავტოპარკიც მიმზიდველად გამოიყურება. 2019 წელს ის 500 000 ევროდ ღირებულ ავტომობილით გამოჩნდა. ლუკაშენკო ძვირად ღირებულ მანქანაში პირველად მაშინ არ გამოჩენილა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მის საკუთრებაშია ბოლო თაობის ლიმუზინი Mercedes-Maybach Pullman Guard-ი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ ჯერ კიდევ შარშან მინსკის სტადიონთან შენიშნა. მაშინ ლუკაშენკო ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიალზე სწორედ ამ ავტომობილით გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკოს ლიმუზინი პასუხობს უსაფრთხოების დონეს VR9 – ავტომობილის პანელებს და შუშებს შეუძლიათ გაუძლონ მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომატურ ცეცხლს. მისი მინები ლამინირებული პოლიკარბონატითაა დაფარული, ხოლო მისი მდგრადობა აფეთქებაზე პასუხობს ERV 2010 სტანდარტს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის გვერდზე 15 კგ ტროტილი აფეთქდება, ავტომობილს არაფერი მოუვა. ამ რაოდენობის ჯავშანის შედეგად კი ავტომობილის წონა 5,1 ტონას შეადგენს. Pullman Guard არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შეჯავშნილი ავტომობილი ბაზარზე. მისი ფასი 1,4 მილიონი ევროდან იწყება, მისი განბაჟება ბელარუსში კი 784 ათასი ევრო დაჯდებოდა.

ამასთან, ლუკაშენკო ფლობს 160 000 დოლარად შეფასებულ “ტესლას მოდელ S“-ს, რომელიც თითქოს ილონ მასკმა აჩუქა. თუმცა თავად მასკმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ეს არის ქონების ნაწილი, რასაც პრეზიდენტი ლუკაშენკო ფლობს, თუმცა არაოფიციალურად. ოფიციალურად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაფერს.