„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა Ferring Pharmaceuticals-მა მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნესსაქმიანობის დაწყება საქართველოში"

მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals-ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით.

კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ონლაინ - შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის, Ferring Pharmaceuticals-ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

„საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა Ferring Pharmaceuticals-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნესსაქმიანობის დაწყება საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400 - ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში, მათი ბიზნესაქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით.