„აიფონ 11“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონია

გლობალური მრეწველობის კვლევაზე ორიენტირებული სააგენტო „კაუნტერპოინტის“ (Counterpoint) ინფორმაციით, „ეპლისთვის“ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე, „აიფონ 11“ ყველაზე პოპულარული სმარტფონია. „ეპლის“ ფლაგმანს ყველაზე დიდი წილი, 16 პროცენტი, შეერთებული შტატების ბაზარზე აქვს. შტატებში ის საგრძნობლად უსწრებს უშუალო კონკურენტს „სამსუნგისგან“, მოდელ Galaxy A10e-ს, რომელზეც ბაზრის „მხოლოდ“ 6 პროცენტი მოდის.

ამერიკის გარდა, „ეპლის“ სმარტფონ ლიდერია ჩინეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და იაპონიაში. ჩინეთის ბაზარზე მას 4 პროცენტი ეკუთვნის და თითო პროცენტით უსწრებს ისეთ სმარტფონებს, როგორებიცაა Oppo A8, Honor 9X და Vivo Y3.

ზოგ ქვეყანაში, სადაც „კაუნტერპოინტი“ კვლევას ატარებდა, „აიფონ 11-მა“ ლიდრობა დაკარგა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სამხრეთ კორეაა, სადაც პირველი ხუთი ადგილი, „სამსუნგის“ სმარტფონებს უკავია. მათგან ყველაზე პოპულარულია Galaxy A90 5G, რომელზეც ბაზრის 11 პროცენტი მოდის.

საფრანგეთის ბაზარზე, პირველი და მეორე ადგილები „სამსუნგის“ სმარტფონ „გალაქსი A51-ს“ და „აიფონ 11-ს“ უკავიათ, შესაბამისად, 8 და 7 პროცენტით. ინდოეთში ყველაზე პოპულარულია „სიაომის“ (Xiaomi) მოდელები „რედმი ნოუტ 8“ (Redmi Note 8) და „რედმი 8“ (Redmi 8), მათზე ბაზრის 14 პროცენტი მოდის. ამასთან, ინდური ბაზრის პირველი ხუთი ადგილი „სიაომის“ მოდელებს უკავია.

ცნობისათვის, არაოფიციალური ინფორმაციით, „ეპლი“ მალე ბაზარზე „აიფონ 12“-ის ოთხი ახალი მოდელის გამოშვებას აპირებს.