აჭარაში, ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.
კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის მარკირებას აქტიურად ახორციელებს, მიმდინარეობს საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება და მარშრუტის ტურისტული რუკაზე მუშაობა. შემოდგომაზე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფოტურს გეგმავს.
ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიანაჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელიც ყველა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული. მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგზაურობის მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.