იმერეთის სამი სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად ტენდერი გამოცხადდა იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის , სოფელ ვერტყვიჭალის და სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3922

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.