„საქონლის უკანონო დაკვლები გახშირდა“ - სასაკლაოების ნაწილი შესაძლოა, დაიხუროს

საქონლის უკანონო დაკვლები გახშირდა, რის გამოც, შესაძლოა, სასაკლაოების ნაწილი დაიხუროს. როგორც შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ ადრე დღეში 20-25 სული იკვლებოდა, ახლა ეს რაოდენობა 1-2-მდე შემცირდა. შესაბამისად, ბიზნესი დახურვის პირასაა.

ამასთან, სასაკლაოების მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შემცირებულია საქონლის რაოდენობაც, ამის მიზეზად კი საძოვრების არარსებას ასახელებენ.

შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი: „ დაკვლის ღირებულება იგივეა, რაც იყო 3 წლის წინ. 55ლარია ღორის ფასი, 40 ლარიდან 75 ლარამდე ძროხის. მაგრამ საქმე ის არის, რომ საქონელი აღარ იშოვება. თუ ადრე დღეში 20-25 სულს ვკლავდით, ახლა 1-2 შემოდის. როგორც წარმოგიდგენიათ, სასაკლაო ასე როგორ იმუშავებს?! კრახის პირას ვართ მისულები. ფაქტობრივად, დახურულები ვართ.

მაღაზიები ხორცით სავსეა, მაგრამ სასაკლაოებზე ფაქტია, არ იკვლება, ვინ აკონტროლებს ამას?! მაკონტროლებელი ხომ არსებობს, იმან უნდა მიხედოს სად იკვლება და რა ვითარებაში. კანონს არავინ იცავს. ჩვენი უბედურება ეს არის. არსებობს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც გარე დაკვლები აკრძალულია, მაგრამ მიდის უკანონობა და უწესრიგობა“.

როგორ იოსებ კოხტაშვილი აღნიშნავს, ამას ემატება საძოვრების შემცირებაც, შესაბამისად, გლეხები საქონელს ვეღარ ამრავლებენ.

„შემცირებულია საქონელიც, მაგრამ ქვეყანაში აღარ არის ადამიანი, ვინც საქონლის გამრავლებით დაინტერესდება. საძოვრები აღარ აქვს გლეხს და რით უნდა შეინახოს? სოფელი უმიწოდ არის დარჩენილი, გასაქანი რომ არ გაქვს, პირუტყვი როგორ უნდა გაამრავლო?! ამან გამოიწვია ის, რომ ბაზარზე გაძვირდა საკვების ფასიც და შევედით კრიზისში. წარმოიდგინეთ, ახლა ვზივარ და დღის განმავლობაში გამარჯობის სათქმელადაც კი არავინ შემოსულა. ბიზნესის გადარჩენაზე კი არა, ლუკმა პურზე გვიწევს ფიქრი. ამ ვითარებაში ძალიან რთულია საქმინობას თავი არ დაანებო“,-ამბობს იოსებ კოხტაშვილი.

შპს „ალალი 2015-ის“ ხელმძღვანელი ლევან ხაგულაშილი: „საქონლის დაკვლის ფასი იგივეა, რაც გვქონდა. ძროხის ფასი იწყება 30-40 ლარიდან. თუმცა მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით შემცირდა. პრობლემა ის არის, რომ საქონელი აღარ მოჰყავთ, კლავენ კერძოდ, სახლებში, რაც კანონით აკრძალულია.

ამასთან, შემცირებულია პირუტყვის რაოდენობაც. ამის მიზეზი კი საკვების არარსებობაა“.

ნინი ქეთელაური