რა ქონებით ტოვებს პოსტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს დაკავებულ თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე.

2020 წლის 30 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის საკუთრებაშია: 2007 წელს შეძენილი 45 კვ.მ ბინა გუდაურში, რაშიც 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, მის სახელზეა 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 190 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გომბორში, რომლის ჯამური ღირებულება 2008 წელს 15 000 ლარს შეადგენდა. ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის 1972 წელს მემკვიდრეობით გადაცემული 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ანი წილიც გომბორში.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელშიც 2015 წელს 13000 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ვასილ მაღლაფერიძის მეუღლის სახელზეა: 12,6 კვ.მ სარდაფი და 18 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2014 წელს 10 000 აშშ დოლარად არის შეძენილი. ასევე, თბილისში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 30%-ანი წილი, რომლის ჯამური ღირებულება 66 400 ლარია. ვასილ მაღლაფერიძის მეუღლეს 2017 წელს საჩუქრად გადაეცა 22 კვ.მ ბინა მესტიაში. მის საკუთრებაშია 2009 წელს 300 000 ლარად შეძენილი 714 კვ.მ კომერციული ფართის 33,3%-ანი წილიც თბილისში და 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთი გომბორში, რაშც 5000 ლარი გადაიხადა. 2015 წელს კი შეიძინა 164 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღრებულება 125 000 აშშ დოლარია.

დეკლარაციის შევსების მომენტში ვასილ მაღლაფერიძე ფლობდა: "თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 1656,64 ლარს, 4160,94 ევროს და 133,49 აშშ დოლარს. ნაღდი ფულადი სახით კი - 10000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის პოსტზე, ხელფასისი სახით გასულ წელს 52 800 ლარი აქვს აღებული.

ნინი ქეთელაური