საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით

ამასთან მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 74.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.6 პროცენტით.

2020 წლის II კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში 0.4 პროცენტით არის გაზრდილი.

ლიკა ამირაშვილი