ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა და განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს იმ პირთა წრე, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეებს განეკუთვნება კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.