გაზრდილი შემოსავალი და შემცირებული მოგება - როგორია Coca-cola-ს ფინანსური მდგომარეობა

2019 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შემოსავალი 14,3%-ით გაიზარდა, მთლიანი მოგება 5,9%-ით, წლის მოგება კი 38%-ით შემცირდა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, მოგების შემცირება განაპირობა მარაგების თვითღირებულების ზრდამ, რომელიც გაცვლის კურსის უარყოფითმა ტენდენციამ გამოიწვია.

2019 წლის კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი - 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ზე მეტია.

2020 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საკუთარი საწარმო თბილისიდან ნატახტარში გადაიტანა. ნატახტარში გადადის ადმინისტრაციული შენობაც. 2019 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი პროდუქტები გამოიტანა, მათ შორის, „კოკა-კოლა ენერჯი“, „კოკა-კოლა უშაქრო ლაიმით“ და ცივი ჩაი ტყის კენკრა. 2019 წლის განმავლობაში, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ დასაქმებული იყო 366 თანამშრომელი, მათ შორის 81 ქალი და 285 კაცი; შვილობილ კომპანიებთან ერთად თანამშრომელთა რიცხვმა მიაღწია 376 დასაქმებულს, მათ შორის 84 ქალი და 292.

რაც შეეხება კონკრეტულად ფინანსურ მდგომარეობას, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შემოსავალი 14,4%-ით გაიზარდა და 171,939 მლნ ლარი; 2018 წელს ეს მაჩვენებელი იყო 150,185 მლნ ლარი.

შემოსავალის ზრდის მიუხედავად, 3,8%-ით შემცირდა მოგება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წელს კომპანიის მთლიანი მოგება 47,333 მლნ ლარი; ხოლო 2019 წელს - 45,531 მლნ ლარი იყო. 38%-ით - 19,155 მლნ ლარიდან 11,887 მლნ ლარამდე შემცირდა წლის მოგებაც.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 261,100 მლნ ლარის აქტივები იყო (2018 წელს 208,931 მლნ ლარი). კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის ვალდებულებები შეადგენდა 155,329 მლნ ლარს. (2018 წელს - 114,059 მლნ ლარი).

კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს “კოკა-კოლას” მთლიანობაში 130,033 მილიონის სესხები აქვს მიღებული. მთლიან სესხში ძირითაი ნაწილი ქართული კომერციული ბანკის სესხია, მას მოზიდული აქვს 76,503 მილიონის სესხი თიბისი ბანკისგან, 5.572 მილიონიანი სესხი Over Glob AG-გან. 47,958 მლნ ლარი სესხები DEG-გან.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” 1996 წელის 23 აპრილს დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ჯგუფის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. დანარჩენ აქციებს ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” Coca-Cola Company-სთან გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, აწარმოებს არაერთი სავაჭრო დასახელების პროდუქციას, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea. ამასთანავე, ფლობს ლიცენზიას თუნუქის ქილებში ჩამოასხას და სარეალიზაციოდ გაიტანოს ნაწარმი აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზეც.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ამავდროულად, ფლობს და ამუშავებს სასტუმროს შავი ზღვის სანაპიროზე - “ჯორჯია პალას ჰოტელს” ქობულეთში.

ელზა წიკლაური