British airways-ი ექსპლუატაციიდან „ბოინგ 747-ის“ ამოღებას იწყებს

British airways-მა დღეიდან, თავისი თვითმფრინავების პარკიდან, გიგანტ „ბოინგ 747-ის“ ამოღება დაიწყო. ბრიტანული კომპანიის ანგარიშზე აქამდე 31 ერთეული 747 ირიცხებოდა, რომელთაგან ერთმა სამშაბათს თავისი ბოლო რეისი შეასრულა - ჰიტროუს აეროპორტიდან ესპანეთში გაფრინდა, სადაც უტილიზაცია ელის.

British airways-ს 747-ის ექსპლუატაციიდან ამოღება ისედაც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა. ეს თვითმფრინავი ყველა დროის ყველაზე გამორჩეული სამგზავრო აპარატია, არამხოლოდ თავისი ოთხი ძრავის და დიდი, ამობურცული, ორსართუალიანი ფიუზელაჟის გამო, არამედ იმითაც, რომ უამრავ ფილმშია გადაღებული.

ესპანეთში გადაგზავნილი ლაინერი, British airways-ის სამსახურში 1994 წლიდანაა. ბოლოს მან რეისი აპრილში შეასრულა, როცა ბრიტანეთის მოქალაქეები, ლაგოსიდან (ნიგერია) ლონდონში დააბრუნა. შემდეგ კი, პანდემიის გამო გაჩერდა.

„ბოინგ 747“ 1970-იანი წლებიდან, საჰაერო სივრცეში ყველაზე დიდი ლაინერი იყო (ეარბასის სუპერ გიგანტ 380-ის გამოჩენამდე). მაგრამ თანამედროვე ორძრავიანი გიგანტები (როგორიცაა ბოინგის 777), მასზე გაცილებით ეკონომიური და არანაკლებ ტევადებია, რის გამოც, 747-ზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

ბრიტანეთში მოქმედი მკაცრი კარანტინის გამო, ქვეყნიდან საერთაშორისო ფრენების შესრულება მკვეთრად არის შემცირებული. ამის გამო, სხვა კომპანიების მსგავსად, British airways-იც ზარალს განიცდის. კომპანიამ ყველაზე მომგებიანი რეისები გააჩერა ამერიკასა და ინდოეთში და 12 000 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს.