რამდენი და რომელი პროექტები გადაავადა მერიამ კორონავირუსის გამო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში, რომლის დაწყებაც დაგეგმილი იყო, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება, მათ შორის, წერეთლის გამზირის, ქეთევან წამებულის, ვაჟა- ფშაველას, ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია. კალაძემ მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ შემოსავლების შესავსებად, საპრივატიზაციო ნუსხა გაზარდოს.

კალაძემ 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარ პარამეტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახმარებების გაცემის კუთხით ის ვერ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის ბიუჯეტი იყო.

„მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. არსებული პანდემიიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეიქმნა როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში ზოგადად, სერიოზული პრობლემა არის ეკონომიკური მიმართულებით და გულდასაწყვეტია ის, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებითაც, დახმარებებითაც ვერ იყოს ისეთი, როგორც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი.

მინდა ასევე, ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიგაწოდოთ ინფორმაცია. იცით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა 2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებული, იქაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა, ასევე ვაჟა- ფშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ასევე ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ეს პროექტები, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო და განხორციელება მომდარიყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება. ანუ ყველა იმ პროექტს, რომელსაც დღეს ვერ ვიწყებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს.

მინდა ასევე, ვიცე- მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება მივიძიოთ კიდევ, შეიძლება ეს იყოს მიწები თუ შენობა- ნაგებობები იმისთვის, რომ მოხდეს გაყიდვა, თანხების შემოსვლა, რადგან შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და პრობლემები გვაქვს. მესმის, რომ ბევრი რამ დახურულია არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური აქტივობები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, მოიძიეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნეს- სექტორი და რაც გვაქვს შესაძლებლობა საპრივატიზაციო ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ, რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი. ამით შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას, მეტი ადამიანის დახმარებას,"- განაცხადა კახა კალაძემ.