თბილისის მერია პროექტის „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში/Tbilisi Street Food“-ის 2020 წლის სეზონის ორგანიზების მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს. ტენდერში წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 136 880 ლარია.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მიზანს წარმოადგენს გასტრონომიული ინდუსტრის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს 2 ღონისძიებას (თითო ღონისძიება გულისხმობს 2-დღიან დროის მონაკვეთს).
„ღონისძიებების სერია შედგება ორი განსხვავებული კონცეფციის და მონაწილეთა შემადგენლოგისგან. სერიის მიზანია პლატფორმა „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში/Taste Tbilisi” გახადოს მეტად მრავალფეროვანი და ცნობადი, რათა უზრუნველყოს გასტონომიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა. ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში მოღვაწე როგორც დამწყებ კვების ობიექტებს, კვების პროდუქტების მწარმოებლებს, მზარეულებს, ასევე უკვე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებს გაზარდონ ცნობადობა და დამატებითი შემოსავლები მიიღონ.
პირველი ღონისძიების კონცეფცია (taste Tbilisi street food) - ღონისძიების მონაწილეებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და ღონისძიებაში მონაწილეობენ კვების ობიექტების მაიდენტიფიცირებელი დასახელებით /brand name.
მეორე ღონისძიების კონცეფცია (taste Tbilisi cooks food) - ღონისძიების მონაწილეებს წარმოადგენენ მზარეულები, შეფები და ღონისძიებაში მონაწილეობენ მათი მაიდენტიფიცირებელი დასახელებით/სახელი, გვარი, მეტსახელი“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.