ნათია თურნავა - „Fitch”-ის შეფასება პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისა და საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სარეიტინგო კომპანიის ,,Fitch”-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური პროფილის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

ნათია თურნავას განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებიც კომპანიამ როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე მსოფლიოს უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების მიმართ მიიღო. მისივე თქმით, „Fitch“ - მა, ძირითადად, შეამცირა ყველა იმ ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, ბოლო პერიოდში შეაფასა.

„ამ ფონზე საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვა არის ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ. „Fitch“ - მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება მნიშვნელოვანი ფაქტორი და უაღრესად პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, ბიზნეს გარემო კი ხელსაყრელი როგორც არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ახლის დასაწყებად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებიც პანდემიის პერიოდში განხორციელდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდშიც კი ბევრმა ინვესტორმა ჩვეული გრაფიკით გააგრძელა საქმიანობა, ბევრმა კი სწორედ ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ. ეს ნიშნავს ნდობას საქართველოს ეკონომიკის, მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, თანამიმდევრული რეფორმებისა და რაც მთავარია, განვითარების კურსისადმი. ამასვე მიანიშნებს „Fitch“ - ის შეფასება, რომ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს „Fitch“ - ის შეფასების სხვა ასპექტებიც. მათ შორის, როგორ შეაფასა აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. აღინიშნა, რომ „Fitch“ - ის შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით, დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.