დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული.
„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება გვეძლეობდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.