რამდენი სამაცივრე მეურნეობა და ელევატორი ფუნქციონირებს საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში მოქმედი სამაცივრე მეურნეობისა და ელევატორების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 52 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (38.5 %) რეგიონშია განთავსებული.

საქსტატის მონაცემებით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (17.3 %), ქვემო ქართლის (11.5 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის (11.5 %), იმერეთის (7.7 %), მცხეთამთიანეთის (5.8 %), კახეთის (5.8 %) და გურიის (1.9 %) რეგიონებში.

ამასთან, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 271 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 265 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 863 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 89.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 50.9% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27.5% თევზეული, 12.8% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.5 % ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3.9 მლნ. ლარი შეადგინა.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.4 მლნ. ლარის ღირებულების (27.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (63.2 %) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 50.8% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (42.2 %) და ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (32.0) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 55.2 %ს, მაისში - 59.4 პროცენტს, ხოლო ივნისში 53.9 %-ს.

2020 წლის II კვარტალში საქართველოში 19 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (47.4 %) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 21.1 % ფუნქციონირებს შიდა ქართლის რეგიონში, 15.8 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.5 % ქ. თბილისში და 5.3 % გურიის რეგიონში.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 74 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 842 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 133.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.9 %-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 88.1 მლნ. ლარის ღირებულების 101.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 50.0% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.8 %. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 46.7 %-ს, მაისში - 44.1 %-ს, ხოლო ივნისში 37.0 -ს.

ნინი ქეთელაური