სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და მიიჩნევს, რომ „TV იმედმა“ 2020 წლის 2 აგვისტოს გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში სათაურით „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა“, ქარტიის პრინციპები უხეშად დაირღვია.
„კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 4 პრინციპი დაარღვიეს:
პრინციპი N1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პრინციპი N3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
პრინციპი N11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
- ფაქტის განზრახ დამახინჯება;
- ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
- პლაგიატი.
პრინციპი N5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
ფაქტობრივი გარემოებები:
2020 წლის 2 გვისტოს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა ჟურნალისტ ცოტნე გეგეჭკორის მიერ მომზადებული სიუჟეტი სათაურით: „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი კავკასუს ონლაინმა“ (შემდგომში "სიუჟეტი"). სიუჟეტის ჩანაწერიდან ამონარიდების ტექსტი, რომელთა ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობასაც სადავოდ ხდის განმცხადებელი, გთხოვთ, იხილოთ წინამდებარე განცხადების N1 დანართის სახით.
1. გადაცემის ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრული ჰაბის სტატუსი, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს, რისი მიზეზიც, სიუჟეტში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისაა, რომ შავი ზღვის ციფრული კაბელი მფლობელმა კომპანიამ - შპს "კავკასუს ონლაინმა" (შემდგომში "კავკასუს ონლაინი") უკანონოდ გაასხვისა და მისი მესაკუთრე დღეს აზერბაიჯანული კომპანიაა. გადაცემის წამყვანის განცხადებით, მან კავკასუს ონლაინისგან ვერ მიიიღო პასუხები კითხვაზე, თუ „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი, თანაც კომუნიკაციების კომისიასთან შეუთანხმებლად, რასაც მას კანონი ავალდებულებდა“
2. სიუჟეტის ავტორი მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე, აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელი (შემდგომში „შავი ზღვის კაბელი“) მეზობელი აზერბაიჯანის ხელში უკანონოდ გადავიდა; ცოტნე გეგეჭკორი მიუთითებს, რომ „აზერტელეკომმა“ იყიდა შავი ზღვის კაბელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, მაგრამ აღარ იქნება „ჩვენი“ საკუთრება;
3. სიუჟეტის ავტორის განცხადებით, შავი ზღვის კაბელი მოემსახურება სხვა ქვეყნის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, თუკი შავი ზღვის კაბელზე კონტროლი „ჩვენ“ არ გვექნება, საქართველოს ნაცვლად შემოსავალი, რომელიც შავი ზღვის კაბელმა შეიძლება მოიტანოს, აზერბაიჯანში მოხვდება;
4. სიუჟეტის ავტორი გაურკვეველ წყაროებზე მითითებით აცხადებს, რომ „აზერტელეკომი“ გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება რეგიონში ციფრული ჰაბი და, რომ ბაქო ციფრული ჰაბის საქართველოდან აზერბაიჯანში გადასატანად ემზადება, რაც ჩვენს ქვეყანას მილიარდობით ლარს დააკარგვინებს;
5. სიუჟეტის ავტორი, ასევე, აცხადებს და მითითებას აკეთებს, რომ რუსეთი რამდენიმე წლის წინ რუსული კომპანიის საშუალებით კავკასუს ონლაინის აქტივების შეძენას ცდილობდა, რისი შეჩერებაც სწორედ კომუნიკაციების კომისიის ჩარევის შედეგად მოხერხდა;
6. სიუჟეტის ავტორი კვლავ ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე აცხადებს, რომ კავკასუს ონლაინმა წილები კანონდარღვევით გაასხვისა;
7. სიუჟეტის დასასრულს ცოტნე გეგეჭკორი სვამს კითხვებს კავკასუს ონლაინის მისამართით, მისი მტკიცებით კავკასუს ონლაინმა კითხვებზე პასუხებს თავი აარიდა და თუ რატომ „გასაგებია და ამაზე ბევრი დროის დახარჯვა აღარ ღირს.“;
8. სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ თუ კაბელზე სრული კონტროლი არ გვექნება, „რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, ეს შეგვეხება ყველას: იმათ, ვინც ინტერნეტ სივრცეში ოპერირებენ, საიტების მფლობელებს, ასევე მცირე და საშუალო ოპერატორებს, რომლებიც ინტერნეტს გაწვდიან და თქვენ, ინტერნეტის მომხმარებლებს და ჩვენ მომავალ თაობას, რომელსაც განვითარებისთვის და სხვა ქვეყნებთან კონკურენციისთვის მთელს სამყაროსთან სწრაფი და ხარისხიანი წვდომა სჭირდება“.
დასაბუთება:
„იმედის კვირის“ ეთერში გასული სიუჟეტით გადაცემის ავტორმა/წამყვანმა და სიუჟეტის ავტორმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (შემდგომში „ქარტია“) N1, N3, N5 და N 11პრინციპები.
პირველი პრინციპი და მესამე პრინციპი
პრინციპი N1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პრინციპი N3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პრინციპების განმარტების მიხედვით, სიუჟეტში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.
ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმეებით დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტულად კი საქმეზე, რომელიც ეხებოდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას ქარტიის საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია, რადგან ჟურნალისტი დაეყრდნო მხოლოდ ერთ წყაროს და არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება განმცხადებელთან და ასევე, ჟურნალისტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროში (საქმე N340, 20 დეკემბერი, 2019). ვინაიდან, სიუჟეტიდან აშკარა იყო, რომ ჟურნალისტმა არ გასწია ძალისხმევა, რომ პატივი ეცა საზოგადოების უფლებისთვის მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია და მხოლოდ დაუბალანსებელი, ერთ წყაროზე დაყრდნობით გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია;
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სიუჟეტში ჟურნალისტის აღნიშვნას, რომ „კომენტარის გაკეთება ფილმის ავტორს ვთხოვეთ, მაგრამ მან უარი განაცხადა“ საბჭომ მიიჩნია, ჟურნალისტის მცდელობად, რომ მხოლოდ ფორმალურად დაეცვა ბალანსი და ამით თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა: „თუ ჟურნალისტი აცნობიერებდა მის ეთიკურ ვალდებულებას, რომ ყველა ღონე ეხმარა რათა მეორე მხარის კომენტარი მოეპოვებინა, და მისი ეს „მცდელობა“ მხოლოდ ფორმალური არ იყო, მას შეეძლო ცალსახად მიეთითებინა, რომ სიუჟეტი შეიცავდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, არ იყო გადამოწმებული და ამით მაყურებლისათვის ნათელი გაეხადა სიუჟეტის ნაკლი, სწორედ ეს არის ჟურნალისტის პატიოსანი ქმედება [...]“ (საქმე N324, 22 სეტქემბერი, 2019).
ამასთანავე, ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
განსახილველ შემთხვევაში გადაცემის წამყვანის და სიუჟეტის ავტორის მიერ ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის დარღვევა აშკარაა, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმედის კვირის ავტორმა და წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ და სიუჟეტის ავტორმა, ცოტნე გეგეჭკორმა გაავრცელეს ფაქტობრივად არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. სიუჟეტის და გადაცემის ავტორს გავრცელებული ინფორმაცია არც უშუალოდ კავკასუს ონლაინთან და არც საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროს მეშვეობით არ გადაუმოწმებია. ჟურნალისტების განცხადება, რომ მათ პასუხები კავკასუს ონლაინისგან ვერ მიიღეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას, ან კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს იმედის კვირიდან არ დაკავშირებია არცერთი ჟურნალისტი სიუჟეტში დასახელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და სიუჟეტში გაჟღერებული კითხვები კავკასუს ონლაინისთვის არავის დაუსვამს. შესაბამისად, სიუჟეტი სრულად ცალმხრივ ინფორმაციას ეფუძნება. უფრო მეტიც, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის შავი ზღვის კაბელის მესაკუთრე, გაასხვისა თუ არა კავკასუს ონლაინმა მისი კუთვნილი აქტივი, საჯაროდაა ხელმისაწვდომი, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) ვებ-გვერდზე, კომისიის საჯარო გადაწყვეტილებების სახით, ასევე, საჯაროა წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია Telegeography-ის მიერ გამოქვეყნებული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვამი კაბელების რუკის მეშვეობით (იხ. ბმული )
ის გარემოება, რომ ჟურნალისტებმა სიუჟეტის მეშვეობით არსებითად მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს, დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
(1) კავკასუს ონლაინს არ გაუსხვისებია შავი ზღვის კაბელი და დღევანდელი დღის მდგომარეობით კავკასუს ონლაინი კვლავ წარმოადგენს 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელის მესაკუთრეს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებულია საქართველოსა და ბულგარეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია შავი ზღვის კაბელის მესაკუთრის შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი და ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მცირე ძალისხმევის გამოყენების შემთხვევაში დაედგინათ, რომ შავი ზღვის კაბელის მესაკუთრე არის კავკასუს ონლაინი და კავკასუს ონლაინის 100% შვილობილი ბულგარული კომპანია. შავი ზღვის კაბელის, როგორც აქტივის, მესაკუთრე და მფლობელი უცვლელია და იგი კვლავ საქართველოს იურისდიქციაში რეგისტრირებული, მოქმედი, რეგულირებული კომპანიის, კავკასუს ონლაინის ხელშია;
(2) კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი არაერთ სატელევიზიო თუ ინტერნეტ მედია საშუალებებში ავრცელებდა ინფორმაციას იმ საინვესტიციო პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც კავკასუს ონლაინის ახალი ბენეფიციარი მესაკუთრე გეგმავს, და რომელი პროექტიც (ე.წ „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი) საქართველოს მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს და, ასევე, შესაძლებლობას მისცემს ქვეყანაში მონაცემთა გაცვლის ცენტრის, ციფრული ჰაბის ჩამოსაყალიბებლად მოიზიდოს კომპანიები და განახორციელოს ინვესტიციები. გარდა ამისა, კავკასუს ონლაინი საქარველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი კომპანიაა და საკუთარი საქმიანობის შესაბამისად გადასახადებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში. „იმედის კვირის“ ჟურნალისტი და გადაცემის ავტორი სიუჟეტში ავრცელებს ცალმხრივ, არასწორ ინფორმაციას, რომ „შავი ზღვის კაბელი მოემსახურება სხვა ქვეყნის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, [...] საქართველოს ნაცვლად შემოსავალი, რომელიც შავი ზღვის კაბელმა შეიძლება მოიტანოს აზერბაიჯანში მოხვდება“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის გადამოწმებაც მარტივადაა შესაძლებელი;
(3) სიუჟეტის ავტორი გაურკვეველ წყაროებზე მითითებით აცხადებს, რომ „“აზერტელეკომი“ გადაწყვეტს, ვინ გახდება რეგიონში ციფრული ჰაბი და რომ ბაქო ციფრული ჰაბის საქართველოდან აზერბაიჯანში გადასატანად ემზადება, რაც ჩვენს ქვეყანას მილიარდობით ლარს დააკარგვინებს“. მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტის ავტორს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება თითქოს ვინმე ციფრული ჰაბის „გადატანას“ აპირებს სხვა ქვეყანაში, რომელი ციფრული ჰაბიც დღეს არც საქართველოში არსებობს და არც აზერბაიჯანში;
(4) სიუჟეტის ავტორი ავრცელებს ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას, რომ რუსეთი რამდენიმე წლის წინ რუსული კომპანიის საშუალებით კავკასუს ონლაინის აქტივების შეძენას ცდილობდა, რისი შეჩერებაც კომუნიკაციების კომისიის ჩარევის შედეგად მოხერხდა. საჯაროდაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომ კავკასუს ონლაინი 2016 წელს საკუთარი საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივის გასხვისების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა არაერთ კომპანიასთან, მათ შორის, შემდეგ კომპანიებთან: სს „სილქნეტი“, შპს „მობიტელი“ (შპს „ვიონი საქართველო“), შპს „მაგთიკომი“. მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად კომისიისგან აქტივების გასხვისებისთვის წინასწარი თანხმობის მისაღებად კომისიაში წარმოებები მიმდინარეობდა სამივე კომპანიის მიერ (დამოუკიდებლად) კავკასუს ონლაინის საცალო აქტივების შეძენაზე (სილქნეტის შემთხვევაში კომპანიების შერწყმაზე) წინასწარი თანხმობის მოსაპოვებლად. იმ გარემოების გამო, რომ საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მაგთიკომთან და კავკასუს ონლაინის საცალო აქტივი მაგთიკომმა შეიძინა, კომისიამ კავკასუს ონლაინის და მობიტელის, ასევე, სილქნეტის და კავკასუს ონლაინის ერთობლივი განცხადებები განუხილველად დატოვა. მართალია, ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ, „რუსულ კომპანიაში“ იგი სწორედ შპს „მობიტელს“ გულისხმობს. შესაბამისად, ჟურნალისტი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომ მობიტელთან გარიგება კომისიის ძალისხმევის შედეგად არ შედგა, აღნიშნული ინფორმაცია შეუსაბამოა კომისიის საჯაროდ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან (იხ, კომისიის გადაწყვეტილება N 212/2, 2016 წლის 5 აპრილი);
(5) სიუჟეტის ავტორი კვლავ ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე აცხადებს, რომ კავკასუს ონლაინმა წილები კანონდარღვევით გაასხვისა. კავკასუს ონლაინს არც წილი და არც აქტივი არ გაუსხვისებია, წილი კავკასუს ონლაინის დამფუძნებელ კომპანიაში კავკასუს ონლაინის ბენეფიციარმა მესაკუთრემ გაასხვისა, რაც ცალსახად არ წარმოადგენს კავკასუს ონლაინის წილის გასხვისებას. კავკასუს ონლაინი არ წარმოადგენს გარიგების მხარეს, და მით უმეტეს წილის გამყიდველს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კავკასუს ონლაინმა წილი გაასხვისა, არის ფაქტობრივად არსებითად არასწორი.
(6) სიუჟეტის ავტორის და გადაცემის წამყვანის განცხადება, რომ კავკასუს ონლაინმა თავი აარიდა შეკითხვებზე პასუხს, არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც, 2020 წლის 10 აგვისტოს კავკასუს ონლაინმა გაავრცელა საჯარო მიმართვა და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც იმედის ეთერში კავკასუს ონლაინის მისამართით დაისვა, პასუხი გასცა (იხ. https://www.interpressnews.ge/ka/article/613140-kavkasus-onlaini-tv-imedma-gaavrcela-calmxrivi-mcdari-da-gadaumocmebeli-inpormacia/);
(7) სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ თუ კაბელზე სრული კონტროლი არ გვექნება, „რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, ეს შეგვეხება ყველას: იმათ, ვინც ინტერნეტ სივრცეში ოპერირებენ, საიტების მფლობელებს, ასევე მცირე და საშუალო ოპერატორებს, რომლებიც ინტერნეტს გაწვდიან და თქვენ, ინტერნეტის მომხმარებლებს და ჩვენ მომავალ თაობას, რომელსაც განვითარებისთვის და სხვა ქვეყნებთან კონკურენციისთვის მთელს სამყაროსთან სწრაფი და ხარისხიანი წვდომა სჭირდება“. ჟურნალისტს გადაუმოწმებელი მცდარი ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება რადგან: (ა) კავკასუს ონლაინს არ გაუსხვისებია აქტივი, ის კვლავ რჩება საქართველოში საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ ერთ-ერთ მსხვილ ოპერატორად; (ბ) კავკასუს ონლაინის ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება არავითარ გავლენას არ ახდენს კავკასუს ონლაინის მომხმარებლების მიერ სწრაფი, უსაფრთხო, ხარისხიანი მომსახურების მიღებაზე. ჟურნალისტს გარემოებები შესაბამის წყაროსთან სათანადოდ რომ გამოეკვლია და გადაემოწმებინა, დაადგენდა, რომ კავკასუს ონლაინის ბენეფიციარი მესაკუთრე უკვე ერთ წელზე მეტია შეიცვალა და კომპანია დღესაც წარმატებით აგრძელებს მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი, უწყვეტი ევროპული ინტერნეტის მიწოდებას.
მეთერთმეტე პრინციპი
პრინციპი N11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
- ფაქტის განზრახ დამახინჯება;
- ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
- პლაგიატი.
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება. ცალსახაა, რომ იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, სიუჟეტში დასახელებული ინფორმაციის სისწორე გადაემოწმებინა კავკასუს ონლაინთან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი საშუალებებით, ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის იმ სახით გავრცელება, როგორც ეს სიუჟეტშია მოცემული, წარმოადგენს ფაქტის განზრახ დამახინჯებას, და შესაბამისად, ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას.
მეხუთე პრინციპი
პრინციპი N5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
„კავკასუს ონლაინი“ გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებს და ტელეკომპანიისგან მოითხოვს, სიუჟეტის ავტორმა და წამყვანმა იმავე საეთერო საშუალებით განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ გავრცელებული ინფორმაცია.