ანდრია გვინდიანი - საქართველომ შეძლო ის, რაც ბევრმა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ვერ მოახერხა

„პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო პრაქტიკულად ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა. ბევრ ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული რეიტინგები, მათ შორის, „ფიტჩის“ მხრიდანაც. თუმცა საქართველომ მოახერხა და შეინარჩუნა „BB“ დონეზე საკრედიტო რეიტინგი, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, რაც ბოლო წლებში ტარდება საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძელით ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ჩვენზე ძლიერი და განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიანდიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ეკონომიკის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მთავარ საკითხს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად „BB“ ნიშნულზე დატოვება და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შეფასება იყო. სააგენტოს ანგარიში ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. ანგარიშის თანახმად, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.