თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოები აღმოაჩინა

თურქეთის საბურღმა ხომალდმა „ფატიჰ“-მა შეძლო ორი ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენა შავი ზღვის ფსკერზე. ამის შესახებ ტელეკომპანია Habertürk იუწყება.

„ფატიჰ“-ი 20 ივლისიდან გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოებს აწარმოებს შავ ზღვაში მონაკვეთზე „დუნაი-1“, რომელიც ახლოსაა რუმნეთ-ბულგარეთის საზღვაო საზღვრებსა და თურქეთის საზღვაო საზღვრებს შორის. თურქული არხის ცნობით ხომალდმა მაღალი ხარისხის საბადოს მიაკვლია „დუნაი-1“-ის აკვატორიაში, და კიდევ ერთი საბადო აღმოაჩინა თურქეთის ნაპირთან ქალაქ კირკლარელის რაიონში.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ანკარადან ოფიციალური დასტური ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 21 აგვისტოს გეგმავს ქვეყნისთვის „ძალიან კარგი ინფორმაციის გაჟღერებას, რომელიც გახსნის ახალ ერას თურქეთისთვის“.

ამასთან, ცნობილია, რომ წლების წინ თურქულმა სეისმურმა ხომალდებმა შავი ზღვის დასავლეთის აკვატორიაში აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის მდიდარი მარაგები.

კოკა კვირკველია