„ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება“ - გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომლის მიზანიც ბავშვების მხარდაჭერაა“, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომარე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, - განაცხადა პრემიერმა.